ვალუტა

EUR
1
EUR
3.0268
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.0447
Down 0.0000
USD
1
USD
2.6727
Down 0.0000

ამინდი

img ყვარელი 1 - 12 °C
img ბათუმი 13 - 19 °C
img ქუთაისი 7 - 17 °C
img თბილისი 1 - 10 °C

შემოგვიერთდი Facebook-ზე

ფუტკრის ოჯახების მოვლა-პატრონობა

ფუტკრის ოჯახების ცხოვრებაში, წლის განმავლობაში შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი პერიოდი: აქტიური მოქმედების და ზამთრის მოსვენებითი მდგომარეობა. აქტიური მოქმედების პერიოდი ემთხვევა თაფლოვანი მცენარეების ყვავილობას, ხდება ფუტკრის სწრაფი გამრავლება, ფუტკრის ოჯახების განვითარება, ბუდის მშენებლობა, საკვები მარაგის დაგროვება. ფუტკრის მოვლას გაზაფხულზე უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ფუტკრის ოჯახების კარგი განვითარება (ოჯახის სიძლიერე) - ნექტრის დიდი რაოდენობით შეგროვებისა და სასოფლო- სამეურნეო კულტურების ეფექტური დამტვერიანების წინაპირობაა...


საგაზაფხულო სამუშაოები საფუტკრეში გაზაფხულზე ყურადღებით მოწმდება ფუტკრის ოჯახები, რათა დადგინდეს გამოზამთრების შემდეგ სკაში არსებული მდგომარეობა. საგაზაფხულო შემოწმების შედეგად დგინდება საკვების რაოდენობა, ფუტკრის ოჯახის სიძლიერე, ბარტყის რაოდენობა და დედის ხარისხი, აგრეთვე ბუდის საერთო სანიტარული მდგომარეობა. ფუტკრის ოჯახის სიძლიერე განისაზღვრება ჩარჩოების ორივე მხარეს მთლიანად მსხდომი ფუტკრის რაოდენობით; ბარტყის რაოდენობა განისაზღვრება ბარტყით დაკავებული ჩარჩოების რაოდენობით; დედის ხარისხი ფასდება ჩარჩოებზე ბარტყის რაოდენობის ინტენსიობით; სკაში თაფლის რაოდენობის განსაზღვრა ხდება ვიზუალურად (ერთი ფიჭიანი ჩარჩო 435მმ X 300 მმ, რომელიც სავსეა ჩარჩოს ორივე მხარეს, შიცავს 3,5- 4,0 კგ თაფლს); ბუდის არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობის დროს ხდება სკების დეზინფექცია (სადეზინფექციო საშუალება ფუნგისანი). გაზაფხულზე, როდესაც სკაში ბოლოს წინა ჩარჩოზე გამოჩნდება ბარტყი, უნდა მოხდეს ბუდის გაფართოება უპირველესად აშენებული ფიჭებით, ხოლო შემდგომ მიეცემა ხელოვნური ფიჭები. ადრე გაზაფხულზე, უღალო პერიოდში მუშა ფუტკრების მიერ ფიჭის მშენებლობა არ ხდება, იმისათვის რომ არ შეფერხდეს დედის კვერცხმდებლობა, საჭიროა მეფუტკრემ მისცეს ფ/ოჯახს აშენებული ფიჭები. მეფუტკრის ხშირი შეცდომაა, როდესაც ღალიანობის თანდათანობით მომატების პერიოდში, ის აგვიანებს ბუდის გაფართოებას ხელოვნური ფიჭების მიცემით, რის გამოც მცირდება საფუტკრეში ცვილის მთლიანი შემოსავალი. გარდა ამისა, მცირდება ფუტკრის ოჯახების შრომისუნარიანობა- ახალგაზრდა ფუტკრები არ არიან დატვირთული სკის შიდა სამუშაოებით, რის გამოც წარმოიქმნება სანაყრე მდგომარეობა, რომელიც საფუტკრეს საგრძნობ ეკონომიკურ ზარალს აყენებს.



აქტიურ სეზონზე (აპრილი-მაისი) მეფუტკრემ თავის საფუტკრეში უნდა მოახდინოს ფუტკრის ოჯახების გამრავლება. განასხვავებენ ფუტკრის ოჯახების გამრავლების ორ ხერხს- ბუნებრივს და ხელოვნურს. მეფუტკრეობის პრაქტიკაში ახალ ოჯახებს ძირითადად ღებულობენ ხელოვნური ნაყრის სახით, რადგან ბუნებრივი ნაყრიანობა წარმოიქმნება სტიქიურად, რაც არ გვაძლევს მეფუტკრეობის გეგმიური განვითარების საშუალებას. ბუნებრივი ნაყრიანობისაგან განსხვავებით, ხელოვნური ნაყრები შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენთვის სასურველ დროს მაღალპროდუქტიული, ნაკლებად აგრესიული და დაავადებების მიმართ მდგრადი ფუტკრის ოჯახებიდან. ფუტკრის ოჯახების ხელოვნური გაყოფის რამოდენიმე ხერხი არსებიბს: ინდივიდუალური, ნაკრები, ფუტკრის ოჯახების შუაზე გაყოფა და დედაზე ან სადედეზე დაფრენა. ხელოვნურ ნაყრებს მიეცემათ მავთულ-ბადიან გალიაში ჩასმული გაუნაყოფიერებელი, ან განაყოფიერებული, ან მწიფე სადედე. თუ ოჯახის გამრავლების მიზნით მეფუტკრეს არ ყავს საფუტკრეში სათადარიგო დედა ფუტკარი, მან განაყოფიერებული დედა უნდა შეიძინოს სხვა დაავადების მიმართ კეთილსაიმედო საფუტკრეებიდან. ფუტკრის ოჯახის ნაწილს, რომელიც გამოეყოფა ძირითად ოჯახს ეწოდება ნაყარი, ხოლო ახალი ოჯახის ჩამოყალიბების პროცესს-ნაყრიანობა. ფუტკრის ოჯახში სანაყრე მდგომარეობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ფუტკრები არ არიან დატვირთული თავიანთი საქმიანობით, ბუდეში არის სივიწროვე, ხდება ცუდი ვინტილაცია, გადახურება და სხვა.


საშემოდგომო სამუშაოები საფუტკრეში ბუნებაში ფუტკრების მიერ ნექტრის შემოტანის შემცირების შემთხვევაში (ჩვენს პირობებში ეს პერიოდია - სექტემბრის ბოლო - ოქტომბრის დასაწყისი) საშემოდგომო შემოწმების დროს ვადგენთ ფუტკრის ოჯახში დედა ფუტკრის არსებობას და მის ხარისხს, ბარტყის რაოდენობას, ბუდის საერთო მდგომარეობას, ფიჭის ხარისხს, საკვების რაოდენობას. საშემოდგომო აღწერის დროს ხდება ბუდის შემოწმება. სკიდან ამოღებული უნდა იქნას ზედმეტი ჩარჩოები, რომლებსაც ფუტკარი არ ფარავს. მოწმდება საკვების ხარისხი, რომელიც დატოვებულია ფუტკრის ოჯახებში გამოსაზამთრებლად (ერთ ჩარჩო ფუტკარზე - 2,0 კგ თაფლი), ყურადრება უნდა გამახვილდეს დაკრისტალებულ თაფლზე. ამ შემთხვევაში ასეთი ჩარჩოები ამოიღება სკიდან რადგანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შაქრდება ფიჭის უჯრედებში და ზამთარში ფუტკრის საკვებად არ გამოდგება, რაც იწვევს ფ/ოჯახის დაღუპვას. მოუმწიფებელი გადაუბეჭდავი თაფლი კრისტალდება. კრისტალიზაციის თავიდან ასაცილებლად ღალიანობის დროს ფუტკრის ოჯახებს უნდა მიეცეს ცარიელი ფიჭები ძველი თაფლის გარეშე. ფუტკრის გამოზრდა შემოდგომაზე მეფუტკრის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა, რათა დაზამთრებაში შეიყვანოს რაც შეიძლება ძლიერი ფუტკრის ოჯახები. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ფუტკარი შედის დაზამთრებაში, მით უკეთესად ზამთრობენ ისინი და გაზაფხულზე კარგად ვითარდებიან. ფუტკრის ოჯახებს უნდა შეუქმნათ მოვლის ოპტიმალური პირობები ბარტყის გამოსაზრდელად აგვისტოში. ამ დროს ფუტკრის ოჯახებს უნდა მიეცეს გამაღიზიანებელი საკვები, რათა დედამ მოუმატოს კვერცხდებას. დადებული კვერცხიდან ვითარდება დაზამთრებაში შესასვლელი ფუტკარი, რომელიც გაზაფხულზე აქტიურად მუშაობს.
ფუტკრის ოჯახებში ახალგაზრდა  ფუტკრების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია შემდეგი პირობების დაცვით: 1. ოჯახში ახალგაზრდა დედის ყოლა (2 წლამდე ასაკის); 2. დიდი რაოდენობით სამარაგო საკვები; 3. კარგი გამოსაყენებელი ფიჭები (ღია ყავისფერი და არა გაშავებული ან ახლად - აშენებული); 4. წამაშველებელი ღალა (მცირე ღალიანობა ბუნებაში)
ფუტკრის დამატებითი გაკვება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისაგან განსხვავებით ფუტკრის ოჯახი თვითონ ამზადებს თავისთვის საჭირო საკვებს. საკვების მაქსიმალური რაოდენობით მოხმარება ხდება ივნის-ივლისის თვეში, როდესაც სკაში დიდი რაოდენობით იმყოფება ფუტკარი და გამოსაზრდელი ბარტყი. ყველაზე ნაკლები რაოდენობით საკვები მოიხმარება ნოემბერ-იანვარში, როდესაც ფუტკარი იმყოფება შედარებით მოსვენებულ მდგომარეობაში (ამ დროს წყდება ბარტყის გამოზრდა, ფუტკარი იკვრება გუნდად). ფუტკრის ოჯახში ყოველთვის უნდა იყოს ხარისხიანი ნახშირწყლოვანი და ცილოვანი საკვები. საკვების რაოდენობა განისაზღვრება ფუტკრის ოჯახის სიძლიერის მიხედვით. ერთ ჩარჩო ფუტკარს ზამთრის განმავლობაში ესაჭიროება 2,0 კგ საკვები. მეფუტკრეობის პრაქტიკაში ხშირად ხდება, როდესაც ადრე გაზაფხულზე (მარტი) და შემოდგომით (საქართველოში- აგვისტო) მცირეა საკვების რაოდენობა. ამ დროს უნდა მოხდეს ფუტკრის ოჯახების დამატებითი კვება შაქრის სიროფის გამოყენებით: გაზაფხულზე (1X1) და შემოდგომაზე (2X1 ან 3X2) დამატებითი საკვები უნდა მიეცეს დიდი პორციებით 2-3 კგ რაოდენობით, რათა შევსებული იქნას საკვები მარაგი. გამაღიზიანებელი კვება გამოიყენება გაზაფხულზე და შემოდგომაზე (იგივე თვეებში, როდესაც ბუნებაში ნექტარი არ მოიპოვება), რათა ფუტკრის ოჯახებში გაიზარდოს დედა ფუტკრის კვერცხმდებლობა. ფუტკრის ოჯახებს შაქრის სიროფი მიეცემათ დღეგამოშვებით (1X1) მცირე პორციებით (250-300 გ)

ფუტკრის ოჯახის ბიოლოგიის ცოდნის და სწორი მოვლა-პატრონობის შედეგად მეფუტკრე შეძლებს მის წინაშე დასახული ამოცანების განხორციელებას და საფუტკრის ეკონომიკური მგომარეობის გაუმჯობესებას.

© Imperveti საქართველო 2018